„საქართველოს ბანკი“ ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში გადავიდა!
ლონდონის საფონდო ბირჟაზე 3000-მდე კომპანიაა განთავსებული 70 ქვეყნიდან. აქედან მხოლოდ
1000 - მდე კომპანიაა პრემიუმლისტინგში, ხოლო კავკასიის რეგიონიდან მხოლოდ ერთი – „საქართველოს ბანკი“. „საქართველოს ბანკი“ ასევე ერთადერთი უცხოური ბანკია 5 წამყვან ბრიტანულ ბანკს შორის – HSBC, Lloyds, RBS, Barclays, Standard Chartered – რომელსაც აქციები აქვს განთავსებული პრემიუმლისტინგში. „საქართველოს ბანკის“ საკუთარმა კაპიტალმა ნახევარ მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა და ის ლონდონის საფონდო ბირჟაზე კაპიტალიზაციის მიხედვით უმსხვილეს 350 კომპანიას შორისაა.
ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგის სეგმენტში განთავსება, საშუალებას მისცემს ბანკს გაზარდოს მისი აქციების ლიკვიდობა, მნიშვნელოვნად გააფართოოს ინვესტორთა წრე, რადგანაც ბანკის აქციებზე წვდომას მიიღებენ საერთო ჯამში, დაახლოებით 4 ტრილიონი აშშ დოლარის მოცულობის კაპიტალის მმართველი საინვესტიციო ფონდები. პრემიუმ ლისტინგში მოხვედრილი კომპანიები, მათ შორის საქართველოს ბანკი, ყველაზე მაღალი სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად რეგულირდება, რის შედეგადაც ასეთ კომპანიებში მაღალია გამჭვირვალობის დონე და კორპორაციული მართვის ხარისხი. პრემიუმსეგმენტში შესვლით ბანკი FTSE 250 ინდექსში შესვლას დაექვემდებარება.
„საქართველოს ბანკი“ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2006 წლიდანაა. აქამდე ბანკის აქციები ბირჟაზე გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების სახით იყო წარმოდგენილი. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში გამჭვირვალობის უკვე ჩამოყალიბებულმა კულტურამ და კორპორაციული მართვის უმაღლესი სტანდარტების არსებობამ განაპირობა „საქართველოს ბანკის“ შედარებით მარტივი და, რაც მთავარია, ბუნებრივი გადასვლა ლონდონის საფონდო ბირჟაზე ყველაზე მაღალი ხარისხის ლისტინგში.