სწრაფი ნავიგაცია

Qreader

საქართველოს ბანკი პირველია მსოფლიოში, ვინც ბაზარზე QR კოდის წამკითხველი საკუთარი პროგრამა – QReader-ი – წარადგინა. მისი საშუალებით თქვენი ტელეფონი წაიკითხავს QR კოდს და მასში შენახულ ინფორმაციას პირდაპირ მობილური ტელეფონის ეკრანზე გახდის თქვენთვის ხელმისაწვდომს.

რა არის QR კოდი?

QR კოდი არის წერტილების ერთობლიობა, რომელიც ორ განზომილებაში მათი უნიკალური განლაგებით ახდენს ინფორმაციის შენახვას. QR-ი არის ორგანზომილებიანი კოდის მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული სახეობა. იგი მრავალფეროვანი ინფორმაციის დამახსოვრებისა და შემდგომი წაკითხვის საშუალებას იძლევა. QR კოდის საშუალებით შესაძლებელია როგორც ჩვეულებრივი ტექსტის, ასევე საკონტაქტო ინფორმაციის, SMS ან E-mail შეტყობინებისა და სხვა მრავალი სახის ინფორმაციის შენახვა. სახელწოდება QR-ი არის ფრაზის – Quick Response-ის (სწრაფი პასუხი) – შემოკლება და ასახავს კოდის ამ სახეობის წაკითხვისა და შემდგომი მოქმედების სისწრაფეს.

სად შეიქმნა QR კოდი?

QR კოდი 1994 წელს იაპონიაში შეიქმნა. Toyota-ს ერთ-ერთმა ქვედანაყოფმა, Denso-Wave-მა, რომელიც სკანირების საშუალებებს აწარმოებდა, იგი ავტომობილის ნაწილების მოხერხებული აღრიცხვისათვის დანერგა. QR კოდის გამოყენების სიმარტივემ და მასში დამახსოვრებული მონაცემების წაკითხვის უკიდურესმა სისწრაფემ იგი ჩვეულებრივ იაპონელ მომხმარებელთა შორისაც უაღრესად პოპულარული გახადა. შედეგად, დღეს QR კოდი მსოფლიოში პოპულარული მარკეტინგული კომუნიკაციის საშუალებაა. დღეისათვის QR კოდის გამოყენება თავისუფალია სალიცენზიო გადასახადისგან, თუმცა დასახელება "QR Code"-ი კვლავაც წარმოადგენს Denso-Wave-ის სავაჭრო ნიშანს.

როგორ მუშაობს QR კოდი?

QR კოდის საშუალებით ინფორმაციის მიმოცვლის მრავალი გზა არსებობს, თუმცა მსოფლიოში ყველაზე პოპულარულია Mobile Tagging-ი, ანუ მობილური ტელეფონის საშუალებით კომპიუტერის მონიტორიდან ან ნაბეჭდი მასალიდან QR კოდის სწრაფი წაკითხვა და მასში შენახული ინფორმაციის მყისიერი მიღება. Mobile Tagging-ის საშუალებით მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მომხმარებელს საშუალება აქვს მიიღოს ფასდაკლებები, ისარგებლოს სპეციალური შეღავათებით, ჩაერთოს გათამაშებებში ან უბრალოდ სწრაფად მიიღოს ან გადასცეს ინფორმაცია.

როგორ იქმნება QR კოდი?

QR კოდის შექმნას სულ რამდენიმე წამი სჭირდება და ამის გაკეთება შესაძლებელია ჩვენს ვებგვერდზე: www.qr.ge

რა პროგრამით იკითხება QR კოდი?

QR კოდის წამკითხველი მობილური პროგრამის გადმოწერა მალე შესაძლებელი იქნება ჩვენი ვებგვერდიდან: www.qr.ge